სქესი- მდედრობითი

თუ თქვენ საშუალო სტატისტიკურ, ქართულ ოჯახში დაიბადეთ და თქვენ პირველი შვილი, გოგო ხართ, ოჯახის ერთ წევრს მაინც, იმედი გაუცრუვდა თქვენი სქესის გამო. თუმცა, ჩემი თქმა რად გინდათ, ამას ოჯახის წევრების, ნათესავების, ან მეზობლებისაგან უკვე გაიგონებდით.

როგორც კი ფიქრი და აზროვნება დაიწყეთ, მოგეცათ მოცემულობა, რა უნდა იყოს თქვენი ცხოვრების აზრი,- სიკვდილის მერე, იმქვეყნიური ცხოვრებისათვის ზრუნვა. ასევე, სულ მალე გაარკვევდით, რომ მართლმადიდებელი ქართველის ღმერთს სქესი აქვს და იგი მამაკაცია. მამრობითი სქესის არის მისი ძეც და სულიწმინდაც.  შეიძლება, უკვე იცით, გეკრძალებათ თქვენივე რელიგიის წმინდა წიგნების შეხება და განსაკუთრებული სიწმინდის მქონე ადგილებში შესვლაც. „ქალთა წესი“ თუ გაქვთ, ეკლესიაშიც ვერ შეხვალთ. ერთი სიტყვით, თქვენ უწმინდური, მეორეხარისხოვანი არსება ხართ, რომელიც ღმერთმა იმიტომ შექმნა, რომ ადამმა, მამაკაცმა მოიწყინა.  ამ ყველაფერს სკოლაში გასწავლიან.

ეს რელიგიური მითი კარგად დაიმახსოვრეთ, იმიტომ, რომ, თუ მომავალში გენდერულ ან რელიგიურ თემაზე ქართველ „საშუალო სტატისტიკურ“ მამაკაცთან იკამათებთ, ის არგუმენტად მოიყვანს ადამისა და ევას შექმნის ამბავს. შესაძლოა, არ გაგიმართლოთ და ამაყი გამომეტყველებით, ისიც დაამატოს, რომ ნეკნი ერთადერთი ძვალია, რომელსაც ტვინი არ აქვს. ხოლო, თუ გაგიმართლებთ, მას დაავიწყდება, როგორ შეაცდინა ევამ ადამი. 🙂

მუსლიმანურ ოჯახში დაიბადეთ? მაშინ, თქვენ ოფიციალურად ადამიანად არც ითვლებით და როგორც ნივთი ( რომელსაც აქვს რეცხვის, საჭმლის მომზადების, ბავშვების გაჩენისა და მრავალი სხვა ფუნქცია) მამიდან ქმრის ხელში გადახვალთ.

თქვენ სკოლა დაამთავრეთ? ახლა უნივერსიტეტშიც უნდა ჩააბაროთ, თორემ ჩვენს დროში გაუნათლებელი „კარგად“ ვერ გათხოვდებით. თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც უსმინეთ. შეადარეთ, რამდენს აინტერესებს თქვენი პროფესიული წარმატებები და რამდენს როდის, ან ვისზე აპირებთ გათხოვებას.

ისწავლეთ, მერე მუშაობაც დაიწყეთ.. „ქალური ბედნიერების“ სტერეოტიპში  ბოლომდე რომ ჩაჯდეთ ხელფასი „ქალისათვის რომ კარგია“ იმაზე მეტი არ უნდა გქონდეთ.  გათხოვებას ძალიანაც ნუ დააგვიანებთ.

ქმარს მეორედ არც გაამეორებინოთ..! ბავშვს მიხედვა უნდა და სამსახურიდან უნდა წამოხვიდეთ. ასევე ჩამოიშორეთ ყველა მეგობარი, რომელიც თქვენს მეუღლეს, ან, სულაც მის ოჯახს არ მოსწონს. თავი კი იმით დაიმშვიდეთ, რომ მართალია თქვენი ქმარი ოჯახის თავია, თქვენ კისერი ხართ და სასურველ მხარეს ატრიალებთ. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ სოციალურ ქსელებში მსგავსი გამონათქვამების ისტერიულად დაპოსტვა.

562999_337375693034892_397701172_n

პირადად ჩემზე, ყველაზე დამრთგუნველად მორალური და ფიზიკური ძალადობის ქვეშ მყოფი ქალების კონფორმულობა მოქმედებს და აგრესია, რომელსაც ისინი მათ მიმართ ავლენენ, ვინც თანაბარი უფლებების, თანასწორობისათვის იბრძვის. ვფიქრობ, შექმნილი სიტუაცია განათლების დაბალი დონის ქონის ბრალია. ეს უკანასკნელი საფუძველია დოგმების მსხვრევის,თვითანალიზის, გარემოს შეცნობის და იმის გაგებისა, რომ ჩაცმა- გახდა, უშინაარსოდ საზოგადოების გაღიზიანება სტერეოტიპების დანგრევა არ არის.