მტრად გაზრდილი შვილები

ბავშვობაში, როცა რაიმეს მიკრძალავდნენ,  ნებას არ მრთავდნენ, ან სადმე არ მიშვებდნენ მე ვაპროტესტებდი და ვტიროდი. ასეთ დროს გამიგონია ფრაზა, რომელსაც, ალბათ, ჩემთვის ყველაფერი უნდა აეხსნა,- ” შვილი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო”.

არც მაშინ და არც სტუდენტობისას ამაზე არ მიფიქრია. მახსოვს, წლების წინ როგორ ამომიტივტივდა ეს გამონათქვამი მთელი თავისი სიმძიმით და არსით. მჯერა, ვინც ამას მეუბნებოდა არასოდეს ჩაღრმავებია ამ ფრაზას. ეს ერთ- ერთი იმ კავთაგანია, რითაც იბმება ძალადობის ჯაჭვი, corporal2რომელიც თაობები გრძელდება და არასოდეს არ მთავრდება. ძალადობის მსხვერპლი ხშირად მოძალადე ხდება, ან ძალადობის გარეშე ვეღარც წარმოუდგენია ცხოვრება. აგრესია, ტვინში ჩაჭედილი ასობით მოცემულობა და კიდევ უამრავი ფაქტორი  არ აძლევს საშუალებას დადგეს ინსტინქტებზე მაღლა და პროცესი მთლიანობაში გაიაზროს.

ასჯერ და ათასჯერ სამწუხაროა, რომ ხშირად ასეთ ადამიანს სჯერა- ” შიში შეიქმს სიყვარულს” და სწამს ღმერთის, რომლის მიმართაც ერთდროულად შიშისა და სიყვარულის განცდა უნდა ჰქონდეს.

ცხოვრობენ ასეთი ადამიანები, ინერციით…  გაიგონებენ რაიმე “ბრძნულ გამონათქვამს” და ეტყვიან თვითონაც ვინმეს, შინაარსზე არც დაფიქრდებიან. ცხოვრობენ ასე,- შიშითა და აგრესიით. ვისაც მოერევიან იძალადებენ.. ძალიან ეცდებიან მოძალადე შეიყვარონ, ზოგს გამოუვა კიდეც.